40 წლის წინ, 1984 წლის 24 იანვარს, სტივ ჯობსმა Apple-ის აქციონერების ყოველწლიურ შეხვედრაზე პირველი Macintosh წარადგინა. კომპიუტერი აღჭურვილი იყო 9 ინჩიანი შავ–თეთრი ეკრანით, Motorola 68000 8 Mhz პროცესორით, 128 კბ ოპერატიული მეხსიერებითა და 3.5 ინჩიანი დისკეტით. ეს გახლდათ სიახლე, რომელმაც კომპიუტერული ინდუსტრია თავდაყირა დააყენა.
1984 წელს გაყიდვაში ჩაშვებული Macintosh 128K გახდა პირველი გამოთვლითი კომპიუტერი, რომელსაც მომხმარებელზე გათვლილი გრაფიკული ინტერფეისი და მაუსი ჰქონდა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ეს კონკრეტული მოდელი იმ დროისთვის იყო პირველი კომპიუტერი, რომლის კონფიგურაციაც ყოველგვარი ტექნიკური ცოდნის გარეშე იყო შესაძლებელი.
დაბადების დღესთან დაკავშირებით, iSpace გთავაზობთ რამდენიმე ფაქტს Mac–ის შესახებ:
1. მოწყობილობის სახელი პროექტის ინიციატორმა, ჯეფ რასკინმა მოიფიქრა. McIntosh მისი საყვარელი ვაშლის ჯიშის სახელი იყო, თუმცა რასკინმა (Macintosh) საავტორო უფლებების დაცვასთან დაკავშირებული პრობლემების თავიდან ასარიდებლად განზრახ შეცვალა სახელის ორთოგრაფია.
2. პირველი სერიის Macintosh 128K-ის კორპუსის შიდა ნაწილში ზედაპირზე კომპიუტერის დეველოპერებისა და ნამდვილად გენიალური გუნდის წევრების ავტოგრაფები იყო აღბეჭდილი: Steven Jobs, Woz, Bill Atkinson, Andy Hertzfeld, Bruce Horn, Jef Raskin.
3. Macintosh 128K–ის გამოშვებასთან დაკავშირებით ეთერში ჩაეშვა მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული ვიდეო კლიპი, რომლის რეჟისორის ლეგენდარული რიდლი სკოტი გახლდათ. Apple-ის ვიდეოში გამოყენებული იქნა ჯორჯ ორუელის „1984“ მოტივი, ხოლო მისმა ბიუჯეტმა 1,5 მილიონი დოლარი შეადგინა.
ვიდეო გამოქვეყნდა პრაიმ-ტაიმში, ამერიკული ფეხბურთის ჩემპიონატის საფინალო გადაცემის დროს, რომელსაც რამდენიმე მილიონმა ტელემაყურებელმა უყურა. ეს კონკრეტული რგოლი დღემდე ერთ–ერთი ყველაზე წარმატებულია სარეკლამო ინდუსტრიაში.
Macintosh-ის ღირებულება იმ დროისთვის 2495 დოლარს შეადგენდა, რაც დღევანდელ ექვივალენტში დაახლოებით 6000 დოლარს უდრის. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ფასის მიუხედავად ამავე წლის მაისში კომპიუტერის გაყიდვებმა 70 000 ერთეული შეადგინა.
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.