9 ივნისს დაიწყო წლიური კონფერენცია WWDC 2025 – Apple-ის მთავარი ღონისძიება დეველოპერებისთვის. პირველივე დღეს ბრენდმა წარმოადგინა ოპერაციული სისტემების ახალი ვერსიები iPhone, Apple Watch, Apple TV, Mac, Apple Vision Pro და iPad-სთვის. გთავაზობთ ყველაზე საინტერესო დეტალებს კონფერენციიდან.

ერთიანი დიზაინი ყველა პლატფორმისთვის

თითოეულ ოპერაციულ სისტემას მიენიჭა რიცხვი 26 – მომავალი 2026 წლის შესაბამისად. პლატფორმების ახალი სახელებია: iOS 26, watchOS 26, tvOS 26, macOS Tahoe 26, visionOS 26 და iPadOS 26.

თითოეული სისტემისთვის შექმნილ განახლებულ ერთიან დიზაინს ეწოდა Liquid Glass – „თხევადი მინა“. ყველა ღილაკი, ფანჯრის ფონი, ჩანართები, ნავიგაციის მენიუები და სტანდარტული აპლიკაციების კომპონენტებიც კი მინას ჰგავს. ეს დიზაინი ავტომატურად იცვლის ფერს გარემოს მიხედვით, ისე, რომ არ იქცევს მომხმარებლის ყურადღებას. ყველა ელემენტი მორგებულია თანამედროვე მომრგვალებულ ეკრანებზე.

ერთის მხრივ, Liquid Glass ნაცნობი და მარტივია, მეორე მხრივ – სუფთა და განახლებული. შეგახსენებთ, რომ ბოლო მასშტაბური რედიზაინი ოპერაციულ სისტემებში 2013 წელს მოხდა – iOS 7-ის გამოსვლასთან ერთად. ახლა კი კომპანიამ ამის შეცვლა გადაწყვიტა.

რა არის ახალი iOS 26-ში: განახლებული დიზაინი და საინტერესო ფუნქციები

  • დაიხვეწა დაბლოკილი ეკრანი – ახლა მას აქვს მინის ფარდა მომრგვალებული კუთხეებით, ხოლო ყველა აიქონმა მიიღო „მინის ეფექტი“. საათი ადაპტირდება ფონის შესაბამისად და საჭიროების შემთხვევაში იწელება. რაც ძალიან ეფექტურია.
  • Live Translation – ლაივ თარგმანი Apple Intelligence-ის დახმარებით. ეს ფუნქცია რეალურ დროში თარგმნის უცხო ენას და ხმამაღლა კითხულობს თქვენს ენაზე. მუშაობს ზარებსა და შეტყობინებებში – აპებში Phone, FaceTime და Messages. კომუნიკაცია უცხო ენის ცოდნის გარეშე ბევრად უფრო მარტივი გახდა.
  • კამერის აპში ზოგიერთი ფუნქცია გადავიდა ფარდის და Pop-up მენიუებში. მთავარ ეკრანზე რჩება მხოლოდ ფოტო და ვიდეო – არაფერი ზედმეტი.
  • ახალი თამაშების აპლიკაცია – დიდი ბიბლიოთეკით, Apple Arcade-თან ინტეგრაციით და Game Center-ის ფუნქციებით. როგორც App Store, მაგრამ მხოლოდ თამაშებისთვის. შეგიძლიათ ნახოთ, რას თამაშობენ მეგობრები, შეადაროთ პროგრესი და შექმნათ ჩელენჯები.
  • iMessage-ში დაემატა ჯგუფური ჩათები, გამოკითხვების ფუნქცია და AI-ის შექმნილი ლამაზი ფონები.
  • Visual Intelligence – „ვიზუალური ინტელექტი“ გაამარტივებს ათასობით მომხმარებლის ცხოვრებას. სისტემა ამოიცნობს ეკრანზე არსებულ ობიექტებს და გაძლევთ მათთან ინტერაქციის საშუალებას. მაგალითად, თუ დაინახავთ სანათს სიახლეებში – შეგიძლიათ, დააწკაპუნოთ და მაშინვე ნახოთ მსგავსი პროდუქტები ონლაინ. ან თარიღზე დაჭერით დაამატოთ კალენდარში.
  • აპების განახლებები: Safari-ში ქვედა პანელის დამალვა შეიძლება კომპაქტურ ხაზად, რაც ათავისუფლებს ეკრანს. Photos-ში გამოჩნდა ორი განყოფილება: Library და Albums
  • Mixmoji iMessage-ში გაძლევთ რამდენიმე ემოჯის შერწყმის შესაძლებლობას, ხოლო Image Playground-ში სურათების შექმნა შეგიძლიათ ChatGPT-ის მეშვეობით.
  • Apple Music-ში ახლა შესაძლებელია სიმღერების თარგმანის ნახვა. ასევე დაემატა კარაოკეს რეჟიმი სწორად გამოთქმის სწავლებით – ეს ყველაფერი ამარტივებს უცხოური ტრეკების გაგებას და მათ შესრულებას.

რომელი iPhone მიიღებს iOS 26-ს?

ყველა მოდელი iPhone 11-დან. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ბევრი ახალი ფუნქცია მუშაობს Apple Intelligence-ზე, რომელსაც ყველა iPhone არ უჭერს მხარს. გარდა ამისა, ზოგიერთი ფუნქციის ხელმისაწვდომობა დამოკიდებულია რეგიონსა და ენაზე.

watchOS 26: პერსონალური AI-დამხმარე ახალი ჟესტი (New Gesture)

  • Workout Buddy – პერსონალური AI-მწვრთნელი. დაგიგეგმავთ ვარჯიშს, გაგამხნევებთ და წაგახაკუსევთ. რეალურად, ეს არის ვირტუალური ტრენერი, რომელიც გამოტივირებთ უკეთ ვარჯიშისთვის. თავდაპირველად ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ ინგლისურად.
  • ახალი ჟესტი (New Gesture) – რათა დაასრულოთ ზარი ან დახუროთ შეტყობინება, საკმარისია მაჯა გაატრიალოთ თქვენს მხარეს. გაითვალისწინეთ, რომ დიდი ალბათობით, ყველა მოდელი ამ ჟესტს ვერ დააიდენტიფიცირებს.
  • გვერდითი ღილაკის დაჭერით იხსნება სმარტ-სტეკი გახსნილი აპებით – დალაგებული თქვენი ჩვევებისა და ამოცანების მიხედვით. ყველაზე ხშირად გამოყენებული აპები იქნება ზემოთ.
  • watchOS 26 იღებს ნახევრად გამჭვირვალე მინის დიზაინს, რომელიც მშვენივრად ერგება მომრგვალებულ ეკრანებს. საათები ასევე მხარს უჭერს Live Translation ფუნქციას.

რა არის tvOS 26-ში: პოსტერები და პროფილების გადართვა

  • ყველა სხვა სისტემის მსგავსად, tvOS 26 მიიღებს მინის დიზაინს – ესთეტიკის მოყვარულებს ნამდვილად მოეწონებათ.
  • Apple TV-ს ჩართვისას მომხმარებელი ირჩევს პროფილს, რის საფუძველზეც იღებს პერსონალურ რეკომენდაციებს.
  • კარაოკეს ახალი დონე – გამოიყენეთ iPhone როგორც მიკროფონი. Apple TV-სთან ერთდროულად რამდენიმე iPhone-ის დაკავშირება შეიძლება.
  • კონტენტი ავტომატურად გამოდის წინა პლანზე, ხოლო მართვის ელემენტები იმალება ფარდის უკან.
  • Apple TV აპში ასევე დაემატა კინემატოგრაფიული პოსტერები.

macOS 26 Tahoe: Spotlight-ის ახალი შესაძლებლობები

  • Spotlight-ის ძიების ფუნქცია ბევრად ეფექტური გახდა. ახლა მას აქვს წვდომა ფაილებზე, ბუფერზე და რეაგირებს მიმდინარე აპზე. ახალ მომხმარებლებს შეუძლიათ უბრალოდ ჩაწერონ ამოცანა – სისტემა გაუწევს სწორ მიმართულებას. ძიების შედეგები დალაგდება პერსონალური შესაბამისობის მიხედვით.
  • მენიუს ზოლი და Control Center გახდა გამჭვირვალე – ეკრანი გამოიყურება უფრო ფართოდ.
  • ინტერფეისის მორგება: შეგიძლიათ, შეცვალოთ აიქონების ფერები, საქაღალდეების სიმბოლოები – ზუსტად ისე, როგორც iPhone-ზე.
  • ტელეფონის აპი Continuity-ს მეშვეობით ხელმისაწვდომია Mac-ზე – ზუსტად იმავე ფუნქციებით, რაც სმარტფონზე.
  • ბუფერში ახლა შესაძლებელია კონკრეტული ელემენტების არჩევა – ახლის კოპირება აღარ წაშლის წინა მონაცემებს.
  • iOS 26-ის მსგავსად, macOS 26 Tahoe-ში შესაძლებელია შეტყობინებებისა და ზარების თარგმნა – რაც გაამარტივებს უცხოელებთან საუბარს.
  • ახალი თამაშების აპი ნამდვილად მოეწონებათ გეიმერებს. Mac-ზე მალე გამოჩნდება ისეთი ლეგენდარული თამაშები, როგორიცაა Cyberpunk 2077, Hitman: World of Assassination და სხვა.
  • Journal ახლა უკვე ხელმისაწვდომია კომპიუტერზეც – იდეალურია მოცულობით ტექსტებთან მუშაობისთვის.

visionOS 26: რეალისტური ავატარები და მესამე მხარის აქსესუარები

  • Apple Vision Pro-ში ახლა გვერდების გადახვევა შესაძლებელია მზერით. ადრე მხოლოდ თითებით შეიძლებოდა.
  • დაემატა სხვადასხვა ზომის 3D ვიჯეტები, რომლებიც შეგიძლიათ, დაალაგოთ სამუშაო ეკრანზე ან მიამაგროთ, მაგალითად, კედელზე.
  • მოცულობითი ავატარები ვიდეოზარებისთვის ბევრად რეალისტური გახდა. გაუმჯობესდა მიმიკა, კანის და თმის ფერები.
  • Spatial ფოტოების ნახვა შესაძლებელია სამგანზომილებიან ობიექტებივით.
  • დაემატა მესამე მხარის აქსესუარების მხარდაჭერა: სტილუსები ჰაერში ხატვისთვის, გეიმპადები, ექშენ-კამერები.

iPadOS 26: ფანჯრების განლაგება და Mac-ის მსგავსი მენიუს ზოლი

  • ახლა iPad-ზე შეგიძლიათ მოქნილად შეცვალოთ ფანჯრების ზომა და სწრაფად გადაერთოთ მათ შორის – ერთდროულად შეგიძლიათ 7 ფანჯრის გაშლა. ახალი Expose ფუნქცია გაჩვენებთ ყველა ღია ფანჯარას სვაიფით.
  • კურსორი საოცრად დეტალური გახდა(კომპიუტერის მსგავსად), ხოლო თრქეფედს დაემატა მულტიჯესტების მხარდაჭერა.
  • ეკრანის ზედა ნაწილში გამოჩნდა მენიუს ზოლი – iPad სულ უფრო მეტად ემსგავსება Mac-ს.
  • განახლდა Files აპი – საქაღალდეების Dock-ზე დამატება გაცილებით ამარტივებს ნავიგაციას. Preview ახლა ხელმისაწვდომია დოკუმენტებისა და PDF-ფაილების მარტივი მართვისთვის.
  • დაემატა აპები Journal და Games.
  • მხარდაჭერილია ფონური მუშაობა – მესამე მხარის აპებს შეუძლიათ მძიმე ამოცანების შესრულება ფონურად, მაგალითად ვიდეოს რენდერი, შეჩერების გარეშე. პროგრესის ნახვა შეგიძლიათ Live Activities მეშვეობით.
  • შესაძლებელია ცალკეული აპებისთვის ან ვებგვერდებისთვის კონკრეტული მიკროფონის მითითება.

iPadOS 26 იზიარებს იმავე ფუნქციებს, რაც iOS 26-შია: იგივე დიზაინი, iMessage-ის შესაძლებლობები, Vision Intelligence და სხვა.

როგორც კი ახალი ოპერაციული სისტემები გახდება ხელმისაწვდომი ჩამოსატვირთად, მაშინვე დავიწყებთ მათ ტესტირებას. iOS 26, iPadOS და macOS-ის დეტალურ მიმოხილვას მალე ნახავთ iSpace-ის ბლოგზე. მიჰყევით ჩვენს გვერდს Instagram-ზე, რომ არ გამოგრჩეთ მნიშვნელოვანი სიახლეები.

არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *