სწორ დროს, სწორ ადგილას!
მიყვარს, როცა სწორ დროს, სწორ ადგილას ვხდები. შეიძლება გამართლებაა, შეიძლება უბრალოდ თვალი მიეჩვია. მიუხედავად გამართლებისა, ხშირად აუცილებელია გადასაღებად სწორი დრო შევარჩიოთ.
დრო პირობითი ცნებაა, ამიტომ აუცილებლად გასათვალისწინებელი არ არის ის, რასაც ამ ბლოგში მოვყვები. აღნიშნული არ ეხება ხელოვნური განათების გამოყენების დროს გადაღებას. ძირითადად, დროის სწორი შერჩევა ბუნებრივი განათების პირობებს სჭირდება.
არ უნდა გაგიკვირდეთ, თუ ვიტყვით, რომ დრო, ფოტოგრაფიულ სტილსაც ქმნის. მაგალითად ღამის ფოტოგრაფია დროის უშუალო მონაკვეთში (ხშირ შემთხვევაში, როდესაც ჯერ კიდევ ბოლომდე არ ბნელა) გადაღებას გულისხმობს.
მე, პირადად ე.წ. “მაგიურ დროს” – ” ოქროს საათებს” ვანიჭებ უპირატესობას, როცა “მზე დაღლილია და სახლისკენ წასასვლელად ემზადება.” ამ პერიოდში მას ძალა არ გააჩნია გადაგვიწვას კადრები და ლამაზ, თბილ ტონალობას აძლევს ყველაფერს.
რბილი ჩრდილები, რბილი ფერები, ერთდროულად გვანიჭებს სიმშვიდისა და წესრიგის განცდას.
ზოგადად, შუადღის მზეს (დილის 10 საათიდან საღამოს 14 საათამდე) შეუძლია შექმნას მკაცრი ჩრდილები და ზედმეტად გამოხატული შუქები. თუ ეს შესაძლებელია, შეეცადეთ თავიდან აიცილოთ ფოტოსესიების დაგეგმვა ამ საათებში, მითუმეტეს, თუ არ გაქვთ აღჭურვილობა და გამოცდილება ამ პირობებზე მოსარგებლად.
მაგრამ, ხანდახან ყველა წესი ჩვენს წინააღმდეგ მოქმედებს, ვინაიდან აუცილებელია მყისიერი მოქმედება. ამ დროს:
- ეცადეთ, რომ მზის საპირისპიროდ არ მოხვდეთ, რომ სინათლე უხეშად არ შემოიჭრას თქვენს კადრში.
- აკონტროლეთ ჩრდილები, ვინაიდან, მზისკენ ზურგით დადგომით, თქვენს ანარეკლს წარმოქმნით გადასაღებ ობიექტზე, რისი მოშორებაც დიდ დამუშავებას მოითხოვს და ხარისხს უკარგავს კადრს.
- გამოიყენეთ ნებისმიერი ნივთი კამერის მოსაჩრდილად, იქნება ეს ქუდი, რვეული, ფურცელი თუ სხვა, რომ შეარბილოთ განათება.
- ითამაშეთ ჩრდილებით, სხვადასხვა ნივთების ანარეკლებით.
ცნობილი “ოქროს საათების” გარდა, ფოტოგრაფიაში, ე.წ. “ლურჯი საათებიც გვხდება”. ეს ხდება მზის ამოსვლამდე და მზის ჩასვლის შემდეგ, როდესაც ცა ღრმა ცისფერ შეფერილობას იღებს. ამ დროს შეუძლია შექმნას ჯადოსნური განწყობა, ატმოსფერო, ქალაქის პეიზაჟის ან ლანდშაფტის ფოტოგრაფიისთვის.
ღამის პერიოდში გადაღების დადებით მხარეს ქალაქის განათებები წარმოადგენენ. იმდენად მრავალფეროვანი და ბერვია. თუმცა გაითვალისწინებთ, მათაც სჭირდებათ წესრიგში მოყვანა. ითამაშეთ ნეონის განათებებით და შექმენით თქვენთვის საინტერესო ისტორიები.
წელიწადის დროებმა და მათთან ერთად ადგილ-მდებარეობამ ასევე შეიძლება გავლენა იქონიოს სინათლის ხარისხზე.
აქვე დამატებითი რჩევა, გამოიყენეთ ამინდი თქვენი ფოტოებისთვის მხატვრული იერსახის მისაცემად, ნუ შეგაშინებთ ღრუბელი, ნისლი თუ წვიმა.
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.