13 დეკემბერს Apple-მა გამოუშვა iOS 15.2, რომელიც მოიცავს განახლებულ ფუნქციებს და iOS 15-ის თავდაპირველი გამოსვლის დროს დაანონსებულ ფუნქციონალს. დღევანდელ მიმოხილვაში ვისაუბრებთ თითოეულ მათგანზე.
App Privacy Report
App Privacy Report ფუნქციის დახმარებით, მომხმარებელს შეუძლია დააკვირდეს ბოლო 7 დღის განმავლობაში თითოეული აპის მიერ გამოყენებულ მონაცემებს: ლოკაცია, ფოტოები, კამერა, მიკროფონი და კონტაქტები.
App Privacy Report–ში ასახულია ისეთი ინფორმაცია როგორიცაა: აპლიკაციების კავშირი სხვადასხვა დომენებთან, ვებსაიტების მიერ გამოყენებული მობმული თითოეული ტრეკერი და სხვა.
App Privacy Report–ის გასააქტიურებლად გახსენით Settings > Privacy > Privacy Report და გააქტიურეთ ფუნქცია.
Emergency SOS ფუნქცია
Emergency SOS გვეხმარება სასწრაფო დახმარების ღილაკების სერიით გამოძახებაში. ამისათვის, სწრაფად დააჭირეთ გვერდით ღილაკს რამდენჯერმე, ან გვერდით ღილაკს და ხმის ღილაკს ერთდროულად.
Apple Music Voice
iOS 15.2 ამატებს მხარდაჭერას Apple Music Voice–სთვის, რომელიც Siri–ს გამოყენებით უზრუნველყოფს წვდომას Apple Music-ში არსებულ ყველა მუსიკასა და ფლეილისთზე. ფუნქციის ფასი თვეში 4.99 დოლარია.
უშუალოდ მოწყობილობაზე ხელმისაწვდომია შეზღუდული ინტერფეისით, რადგან ფუნქცია ორიენტირებულია ხმოვან კონტროლზე. მომხმარებელს შეუძლია, სთხოვოს Siri-ს გვირჩიოს მუსიკა მოსმენილი ტრეკების გათვალისწინებით, ხელახლა ჩართოს კონკრეტული მუსიკა, ან გახსნას სხვადასხვა ფლეილისთი.
Legacy Contacts
Legacy Contacts საშუალებას გვაძლევს, მივუთითოთ სანდო პირი, რომელსაც ექნება წვდომა ჩვენს Apple ID–სა და მონაცემებზე (“ციფრულ მემკვიდრეობაზე”) ჩვენი სიკვდილის შემთხვევაში.
მითითებულ პირს, ექნება წვდომა ფოტოებზე, ჩანიშვნებზე, ფაილებზე, კონტაქტებზე, კალენდარზე, აპლიკაციებზე, სარეზერვო ასლებსა და სხვა მონაცემებზე. iCloud Keychain-ის პაროლები და ლიცენზირებული მედია ამ სიაში არ შედის.
Legacy Contact-ის მისათითებლად გახსენით Settings > Password & Security > Legacy Contact.
Find My განახლებული ფუნქცია Battery Reserve
განახლების დახმარებით, Find My აპლიკაციას შეუძლია დაკარგული iPhone-ის ადგილმდებარეობის დადგენა ელემენტის ამოწურვიდან 5 საათის განმავლობაში. Power Reserve აქტიურდება მუხტის ამოწურვის შემდეგ.
TV აპლიკაცია
iPadOS 15.2-ში Apple-მა წარმოგვიდგინა ახალი დიზაინი TV აპლიკაციისთვის. აპს აქვს გვერდითი ზოლი, რომელიც საოცრად ამარტივებს ნავიგაციას პროგრამის ინტერფეისში.
iPhone-ის მომხმარებლებისთვის TV აპს ასევე დაემატა “მაღაზია”, რაც ამარტივებს სასურველი ფილმებისა და შოუების შეძენა–ყურებას.
Hide My Email ფუნქცია Mail აპლიაკაციაში
Hide My Email-ის გამოყენება ახლა უკვე პირდაპირ აპლიკაციაშია შესაძლებელი – ახალი იმეილის შედგენისას შეეხეთ ველს “From” და მონიშნეთ “Hide My Email”, რაც დააგენერირებს შემთხვევით მისამართს და დამალავს თქვენსას.
Hide My Email ხელმისაწვდომია ყველასთვის, ვისაც აქვს iCloud+ გეგმა (ფასი იწყება $0,99 თვეში).
ეკრანის შეკეთების შეზღუდვის ცვლილებები
Apple–მა გააუქმა მიკროკონტროლერების დაწყვილების მოთხოვნა, რომელიც შეუძლებელს ხდიდა Face ID-ს გამოყენებას iPhone 13 სერიის დაზიანებული ეკრანების შეკეთების შემდეგ.
Apple-ს აქვს მიკროკონტროლერი, რომელიც აწყვილებს სმარტფონს უშუალოდ მის ეკრანთან აწყვილებს. ეკრანის შეკეთების შემდეგ საჭიროა ხელახლა დაწყვილება, ამისათვის კი სპეციალური ინსტრუმენტებია საჭირო, რომლებსაც სერვის ცენტრები არ ფლობენ.
კომუნიკაციის უსაფრთხოება
iOS 15.2-ში ბავშვებისათვის გააქტიურდა Communication Safety ფუნქცია Messages აპლიკაციაში, რომელიც ასკანერებს შემოსულ შეტყობინებებს სიშიშვლესა თუ სხვა საზიანო გრაფიკაზე და აფრთხილებს ბავშვს, რომ ასეთი ფოტოები საზიანოა.
წინა სერიებში ფუნქცია ატყობინებდა მშობლებს ასეთი ფოტოების დაფიქსირების შესახებ, რაც ახალ ვერსიაში აღარ ხდება. Apple–მა გააუქმა ფუნქცია, რადგან დაფიქსირდა მშობლების მიერ ბავშვებზე ძალადობის შემთხვევები.
მაკრო რეჟიმის გადამრთველი Camera აპლიკაციაში
iOS 15.2–ში Camera აპლიკაციას დაემატა Macro Mode გადამრთველი. ფუნქცია აქამდე ავტომატურად აქტიურდებოდა, რაც არც თუ ისე კომფორტული იყო გამოყენებისას.
ფუნქციის გასააქტიურებლად გახსენით Settings > Camera > Macro Control. ამის შემდეგ, როდესაც ობიექტთან მიაახლოვებთ კამერას ეკრანზე გამოჩნდება მაკრო რეჟიმის გადამრთველი – ყვავილის ფორმის სიმბოლო.
თუ Macro Control ფუნქციას არ გააქტიურებთ, ობიექტთან მიახლოების შემთხვევაში კამერა ავტომატურად გააქტიურებს Macro რეჟიმს.
შეტყობინებების შეჯამება
Apple-მა ცვლილებები შეიტანა შეტყობინებების შეჯამებაშიც. ახლა ფუნქციას აქვს ბარათის სახე, რომელიც საოცრად გვეხმარება შეტყობინებების სწრაფად გადათვალიერებაში.
ფლეილისთის ძიება Music აპში
Apple-მა დაამატა დიდი ხნის ნანატრი ფუნქცია, რომელიც Apple Music-ის მომხმარებლებს ფლეილისთების მოძიების საშუალებას აძლევს.
iCloud Private Relay
Settings აპში, კონკრეტულად კი WiFi და Cellular სექციაში შეიცვალა iCloud Private Relay-ს სახელი. ახლა მას Limit IP Adress Tracking ეწოდება.
სახელის შეცვლის მიზეზად, მომხმარებლისთვის ფუნქციის მნიშვნელობის მარტივად გაგება სახელდება.
Reminders და Notes აპლიკაციები
Reminders და Notes აპლიკაციებში ახლა უკვე შესაძლებელია რამოდენიმე თეგის ერთდროულად გადარქმევა და წაშლა.
iPad-ზე Apple-მა Notes აპლიკაციას დაუმატა ახალი პარამეტრი – ახლა შესაძლებელია სწრაფი ჩანიშვნის გაკეთება ეკრანის ქვედა მარცხენა კუთხიდან მარჯვნივ დასვაიფებით.
Siri ბრძანებები
iOS 15.2–ში დაბრუნდა რამდენიმე Siri ბრძანება, რომლებიც Apple-მა iOS 15-დან სრულად ამოიღო. ფუნქციებს იყენებდნენ ცუდი მხედველობის მქონე და უსინათლო მომხმარებლები, ეს ბრძანებებია: ელ–ფოსტის ხმოვა შეტყობინების სახით შემოწმება, უახლესი ელ–ფოსტის ხმოვანი გახსნა, ზარების ისტორიის შემოწმება და კონკრეტული ზარის შესახებ ინფორმაციის მიღება.
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.