8 მარტის პრეზენტაციაზე Apple-მა წარმოგვიდგინა M1 სერიის უახლესი ჩიპი სახელად M1 Ultra, რომელიც ჯერ–ჯერობით მხოლოდ Mac Studio–ში გვხვდება. ეს არის Apple–ის უახლესი დესკტოპ კომპიუტერი, რომელიც უკვე განვიხილეთ ჩვენს ბლოგში. დღევანდელ ბლოგში შევადარებთ და განვიხილავთ M1, M1 Pro, M1 Max და M1 Ultra ჩიპსეტების მონაცემებს.
M1, M1 Pro, M1 Max და M1 Ultra – კონსტრუქცია
Apple-ის M სერიის ჩიპები იწარმოება 5 ნანომეტრიანი ტექნოლოგიით. ეს არის ჩიპის დამზადების პროცესი, რომლის დახმარებითაც პროცესორი იკავებს ნაკლებ ფიზიკურ სივრცეს. ეს ამცირებს ჩიპის დამზადების საფასურს და ზრდის როგორც სიმძლავრეს, ისე ენერგოეფექტურობას.
Apple M1 ჩიპს აქვს 16 მილიარდი ტრანზისტორი, ოდნავ უფრო მეტი ვიდრე A15 Bionic ჩიპში. M1 Pro-ს აქვს 33.7 მილიარდი, M1 Max – 57 მილიარდი, ხოლო M1 Ultra კოლოსალური 114 მილიარდი.
Apple M1 Ultra შექმნილია ორი M1 Max ჩიპის ერთმანნეთთან დაკავშირებით, რაც UltraFusion ტექნოლოგიის დახმარებით გახდა შესაძლებელი. შესაბამისად, M1 Ultra–ს თითქმის ყველა მაჩვენებელი 2–ჯერ აღემატება Apple-ის აქამდე ყველაზე მძლავრი M1 Max ჩიპის მაჩვენებლებს.
M1, M1 Pro, M1 Max და M1 Ultra – ცენტრალური პროცესორი, ნეირონული ძრავა და ბირთვები
M სერიის პირველი M1 ჩიპი, რომლითაც დაიწყო Apple–ის Silicon-ზე გადასვლა, მხოლოდ 8 ბირთვით არის აღჭურვილი. აქედან 4 მაღალმწარმოებლური (Firestorm) და 4 ენერგოეფექტური (Icestorm).
M1 Pro-ს გამოსვლასთან ერთად Apple–მა შემოგვთავაზა ბირთვების ორი განსხვავებული კონფიგურაცია. პირველი კონფიგურაცია გვთავაზობს 8 ბირთვს, საიდანაც ექვსი მაღალმწარმოებლური და ორი ენერგოეფექტურია. მეორე კონფიგურაცია კი გვთავაზობს 10 ბირთვს, საიდანაც 8 მაღალმწარმოებლური და 2 ენერგოეფექტურია.
Apple M1 Max ჩიპი კი ხელმისაწვდომია მხოლოდ 10–ბირთვიანი კონფიგურაციით. აქედან 2 ენერგოეფექტური და 8 მაღალმწარმოებლურია.
M1 Ultra–ს სტანდარტული კონფიგურაცია აორმაგებს M1 Max ბირთვების რაოდენობას – ერთი M1 Ultra ჩიპი შეიცავს 16 მაღალმწარმოებლურ და 4 ენერგოეფექტური ბირთვს და შესაბამისად ხელმისაწვდომია 20 ბირთვიან ფორმატში.
Geekbench-ის ტესტირება გვიჩვენებს, რომ ცალკეული ბირთვების შესრულება დიდად არ განსხვავდება M სერიის ჩიპებში.
თუმცა, განსხვავება ნამდვილად კოლოსალურია, როდესაც საქმე ეხება მრავალბირთვიან შესრულებას. M-სერიის თითოეული დონე ამაღლებს მრავალბირთვიან მაჩვენებელს, თუმცა M1 Ultra შესრულება ორჯერ აღემატება M1 Max–ის შედეგებს.
რა არის Unified Memory და რა კონფიგურაციით გვხვდება M სერიის ჩიპებში?
M1 ჩიპის დანერგვის შემდეგ Apple გადაერთო მეხსიერების ე.წ. Unified Memory ტიპზე, რაც არსებითად ამცირებს მოქმედებების და დავალებების შესრულების სიჩქარეს.
რამდენიმე წინადადებით ავხსნით თუ რა არის Unified Memory და რით განსხვავდება ყველასათვის კარგად ნაცნობი RAM–სგან.
RAM არის ფიზიკური მეხსიერება, რომელიც გამოიყენება მონაცემთა დროებით შესანახად. RAM კომპიუტერში არსებული პროცესორებისგან (GPU, ISP, CPU და სხვა) განცალკევებით მდებარეობს. ამის გამო, სისტემას გამუდმებით უწევს მონაცემების ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანა, რაც დაგვეთანხმებით არაეფექტურია და იყენებს გამტარობის უზარმაზარ რესურსს და მოიხმარს ბევრ ენერგიას.
Unified Memory–ს შემთხვევაში სრულიად საპირისპირო სიტუაცია გვაქვს, რადგან Unified მეხსიერება და თითოეული სხვა პროცესორი, რომელიც მას მოიხმარს ერთ ფიზიკურ სივრცეშია განთავსებული. ასეთი გადაწყვეტა საოცრად აჩქარებს პროცესებს, არ იკავებს გამტარობის რესურსს და მოიხმარს საგრძნობლად ნაკლებ ენერგიას.
სტანდარტული M1 ჩიპი ხელმისაწვდომია 8GB და 16GB Unified მეხსიერებით, M1 Pro – 16GB და 32GB, M1 Max – 32GB და 64GB, ხოლო M1 Ultra – 64GB და 128GB კონფიგურაციით.
M1 სერია – გრაფიკა
Apple-ის M-სერიის ჩიპებში აღარ გვხვდება AMD, Nvidia და Intel-ის გრაფიკულ პროცესორებს. ამის ნაცვლად, ჩიპსეტში იტეგრირებულია მრავალბირთვიანი გრაფიკული პროცესორი.
M1 ჩიპი გვთავაზობს 7 ბირთვიან და 8 ბირთვიან გრაფიკულ პროცესორს, M1 Pro 14 და 16–ბირთვიანს, ხოლო M1 Max – 24 და 32-ბირთვიან კონფიგურაციას.
M1 Ultra კი კიდევ ერთხელ აორმაგებს M1 Max-ის მაჩვნებლებს და გვთავაზობს 64 ბირთვიან გრაფიკულ პროცესორს, რომელსაც Apple–ის თქმით ბაზარზე არსებულ უმაღლესი დონის ინტეგრირებულ გრაფიკულ პროცესორებში კონკურენტი არ ჰყავს. თანაც ეს ყველაფერი 200ვატით ნაკლები ენერგომოხმარების ფონზე.
ამ დროისთვის არ არსებობს Geekbench Metal–ის გრაფიკული საორიენტაციო მაჩვენებლები M1 Ultra-სთან დაკავშირებით, ამიტომ შეუძლებელია Apple-ის განცხადების პირდაპირ გადამოწმება ან M1 Ultra-ს წინა M1 ჩიპებთან შედარება. თუმცა შეგვიძლია შევხედოთ M1 სერიის გრაფიკული მაჩვენებლების ზრდის ტენდენციას.
M1 სერიის – სხვა დეტალები
M-სერიის ჩიპების დებიუტის შემდეგ, M1 Ultra-ზე Apple-მა პირველად გაზარდა ნეირონული ძრავის ბირთვების რაოდენობა. ამის მიზეზი, დიდი ალბათობით ორი M1 Max ჩიპის დაკავშირება გახდა, რომლებსაც ცალკეულად 16–16 ბირთვიანი ნეირონული ძრავა აქვთ.
Apple–ის თქმით, M1 Ultra-ს 32–ბირთვიანი ძრავა წამში 22 ტრილიონამდე ოპერაციას უმკლავდება, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მანქანური სწავლების ოპერაციებისა და ამოცანების შესრულებაზე.
M1 Ultra-მ ასევე მიიღო M1 Max-ის მედია ძრავის გაორმაგებული შესაძლებლობები, რაც შედეგად 8K 422 ვიდეოს 18 ნაკადის გაშვების საშუალებას იძლევა.
ისევე როგორც სხვა Apple Silicon ჩიპები, M1 Ultra ჩიპი გვთავაზობთ ისეთ Apple ტექნოლოგიებს, როგორიცაა ეკრანის ძრავა, რომელსაც შეუძლია რამდენიმე დამატებითი ეკრანის მართვა.
რაც შეეხება დამატებითი მონიტორების მხარდაჭერას, M1 Max გვთავაზობს სამი 6K მონიტორის და ერთი 4K ეკრანის ერთდროულად გამოყენებას. M1 Ultra–ს კი შეუძლია ოთხი Pro Display XDR მონიტორის და ასევე 4K ტელევიზორის ერთდროულად გაშვება(საერთო ჯამში 90 პიქსელამდე).
Apple M1 Ultra – უბრალოდ ორმაგი სიმძლავრე
M1 Max ნამდვილად საოცარი ჩიპია, რომელიც საოცარ შესრულებას და სიმძლავრეს სთავაზობს ისეთ მოწყობილობებს, როგორიცაა MacBook Pro და უზრუნველყოფს კლასში საუკეთესო შესრულებით. Apple M1 Ultra კი M1 Max-ის მაჩვენებლებს “უბრალოდ” აორმაგებს.
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.