iPhone-ის მომხმარებლები მთელ მსოფლიოში მოუთმენლად ელოდნენ iOS 27-ის გამოსვლას. 2026 წლის 14 სექტემბერს Apple-მა ოფიციალურად გამოუშვა ოპერაციული სისტემის ახალი ვერსია, რომელშიც განსაკუთრებული ყურადღება ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გაფართოებას დაეთმო. განახლდა ხმოვანი ასისტენტი Siri AI, რომლისთვისაც ცალკე აპიც შეიქმნა. Apple Intelligence-ის ფუნქციები კიდევ უფრო ფართოდ დაინერგა ყოველდღიურად გამოყენებულ აპებში. ახალი ფუნქციების წყალობით, მშობლებს შვილების მიერ მოწყობილობების გამოყენების კონტროლი გაუადვილდათ, ფოტოების დამუშავება კი გამარტივდა. ამ სტატიაში მოგიყვებით, რა სიახლეებია iOS 27-ში, როგორ შეგიძლიათ მისი დაყენება და iPhone-ის რომელ მოდელებზეა ხელმისაწვდომი ახალი ვერსია.
iPhone-ის რომელ მოდელებზეა ხელმისაწვდომი ახალი iOS?
iOS 27-ის დაყენება შესაძლებელია იმავე მოწყობილობებზე, რომლებზეც ოპერაციული სისტემის წინა ვერსია მუშაობდა – iPhone 11-სა და უფრო ახალ მოდელებზე, მათ შორის მეორე და მესამე თაობის iPhone SE-ზე. თუმცა Apple Intelligence-ის ფუნქციებით სარგებლობისთვის საჭიროა iPhone 15 Pro, iPhone 15 Pro Max ან უფრო ახალი თავსებადი მოდელი. ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ ამ ფუნქციების გამოსაყენებლად მოწყობილობისა და Siri-ს პარამეტრებში მხარდაჭერილი ენა უნდა აირჩიოთ.
ნახეთ მოკლე ვიდეო და გაიგეთ, რა სიახლეები აქვს iPhone 18 Pro-სა და iPhone 18 Pro Max-ს:
რა შეიცვალა iOS 27-ში?
iOS-ის ახალ ვერსიაში გაუმჯობესდა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ფუნქციები და ზოგიერთი მოქმედების შესრულება დაჩქარდა. გავეცნოთ მთავარ სიახლეებს.
- განახლდა Siri AI. თუ მიმოწერაში ან ელექტრონულ ფოსტაში რაიმე ინფორმაციის მოძიება გჭირდებათ, შეგიძლიათ ეს ასისტენტს დაავალოთ. მას შეუძლია ამოიცნოს ეკრანზე გამოსახული ინფორმაცია, გაითვალისწინოს თქვენ შესახებ არსებული მონაცემები და სხვადასხვა აპში უფრო მეტი დავალება შეასრულოს. Siri AI-ს ცალკე აპიც აქვს, სადაც თქვენი მოთხოვნებისა და ასისტენტთან საუბრების ისტორია ინახება. ამ ჩანაწერების ნახვა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ. ასისტენტი ჯერჯერობით ქართულ ენას არ უჭერს მხარს, თუმცა მისი გამოყენება ინგლისურ ენაზე შეგიძლიათ.
- გაიზარდა მუშაობის სიჩქარე. აპები 30%-ით უფრო სწრაფად იხსნება, ფოტოები კი „ფოტოების“ ბიბლიოთეკაში 70%-მდე უფრო სწრაფად იტვირთება. ამასთან, AirDrop-ის საშუალებით ფოტოებისა და სხვა ფაილების გადაცემა 80%-მდე დაჩქარდა.
- გაფართოვდა ფოტოების რედაქტირების შესაძლებლობები. ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ხელსაწყოებით შეგიძლიათ უკვე გადაღებულ ფოტოზე ხედვის კუთხე შეცვალოთ, გამოსახულების საზღვრები გააფართოოთ და ფოტოდან არასასურველი ობიექტები, მათ შორის დიდი ზომისაც, უფრო ზუსტად წაშალოთ.
- ახლა Liquid Glass-ის გამჭვირვალობის შეცვლაც შეგიძლიათ. ინტერფეისის იერსახე თქვენს გემოვნებას მოარგეთ – მინის ეფექტის მქონე ელემენტები თითქმის სრულად გამჭვირვალე გახადეთ ან სასურველი შეფერილობა მიანიჭეთ.

- Safari-ის გამოყენება უფრო მოსახერხებელი გახდა. Notify Me ფუნქციით შეგიძლიათ თვალყური ადევნოთ კონკრეტულ ვებსაიტებზე მომხდარ ცვლილებებს და ახალი ინფორმაციის გამოქვეყნებისთანავე შეტყობინება მიიღოთ. მაგალითად, თუ სასურველ პროდუქტზე წინასწარი შეკვეთების მიღების დაწყებას ელოდებით, ვებსაიტის მუდმივად შემოწმება აღარ დაგჭირდებათ – ამის შესახებ ტელეფონი თავად შეგატყობინებთ. ოდნავ შეიცვალა ბრაუზერის დიზაინიც. გარდა ამისა, ახლა ვებსაიტების თემების მიხედვით დაჯგუფებაც შეგიძლიათ.

- გაფართოვდა მშობლის კონტროლის შესაძლებლობები. მშობლებს ახლა შვილების მიერ მოწყობილობების გამოყენების კონტროლის მეტი საშუალება აქვთ. მაგალითად, შეგიძლიათ განსაზღვროთ, რომელი აპებით ისარგებლებს ბავშვი და დღის რომელ მონაკვეთში ექნება მათზე წვდომა. ამგვარად, შეზღუდვებს ბავშვის სასკოლო განრიგს მოარგებთ. Communication Safety ფუნქცია უფრო მეტი სახის არასასურველ მასალას, მათ შორის ძალადობის, სისხლისა და სისასტიკის ამსახველ კადრებს, ამოიცნობს და მათზე წვდომას ზღუდავს.
- ფოტოების გაზიარება უფრო მოსახერხებელი გახდა. ოპერაციული სისტემის ახალ ვერსიაში შეგიძლიათ ფოტოები საერთო ალბომში დაამატოთ, მათზე ემოჯებით გამოხატოთ რეაქცია და ფილტრების დახმარებით სასურველი სურათები სწრაფად მოძებნოთ. გაუზიარეთ ფოტოები ახლობლებს iCloud.com-ის საშუალებით – მათ სურათების ნახვა მაშინაც შეეძლებათ, თუ Apple-ის მოწყობილობებით არ სარგებლობენ.
ეს iOS 27-ის სიახლეების მხოლოდ ნაწილია. iPhone ახლა კიდევ უფრო სწრაფად გადადის ერთი Wi-Fi ქსელიდან მეორეზე, Shortcuts-ში ბრძანებების შექმნა და გამართვა გამარტივდა, ხოლო ჩაშენებული აპების ვიჯეტების მთელ ეკრანზე გაშლა უკვე შესაძლებელია.

ასევე შეგიძლიათ სისტემური ხმების დონე ცალ-ცალკე დაარეგულიროთ. მაგალითად, შეგიძლიათ მაღვიძარის ხმა ისე დააყენოთ, რომ დილით უფრო ხმამაღლა რეკავდეს, შეტყობინებების ხმა კი დაბალი იყოს. ახალი iOS სმარტფონის ყოველდღიურ გამოყენებას კიდევ უფრო მოსახერხებელს ხდის.
როგორ განაახლოთ iOS უახლეს ვერსიამდე?
iOS 27-ის დასაყენებლად მხოლოდ სმარტფონი, Wi-Fi ქსელთან კავშირი და ცოტა დრო დაგჭირდებათ. ამისთვის რამდენიმე ნაბიჯი უნდა შეასრულოთ.
- შექმენით მონაცემების სარეზერვო ასლი. თუ განახლების დროს შეცდომა წარმოიშობა, სარეზერვო ასლის საშუალებით მონაცემების აღდგენას შეძლებთ.
- მოამზადეთ მოწყობილობა განახლებისთვის. დაგჭირდებათ სტაბილური ინტერნეტკავშირი და საკმარისად დამუხტული ბატარეა. უმჯობესია, ტელეფონი დამტენთან შეაერთოთ.
- გახსენით პროგრამული უზრუნველყოფის განახლების განყოფილება. ოპერაციული სისტემის მიმდინარე ვერსიისა და ხელმისაწვდომი განახლებების ნახვა შეგიძლიათ შემდეგი გზით: „პარამეტრები“ → „ძირითადი“ → „პროგრამული უზრუნველყოფის განახლება“. აირჩიეთ უახლესი ხელმისაწვდომი ვერსია.
- დაიწყეთ ოპერაციული სისტემის განახლება. დააჭირეთ ღილაკს „ჩამოტვირთვა და დაყენება“ და დაადასტურეთ არჩევანი. თუ ტელეფონი მთელი დღის განმავლობაში გჭირდებათ, შეგიძლიათ განახლების დაყენება ღამისთვის დაგეგმოთ – მოწყობილობა მას ავტომატურად დააყენებს, როცა ამისთვის საჭირო პირობები შესრულდება.
- დაელოდეთ განახლების დასრულებას. მიჰყევით ეკრანზე მოცემულ მითითებებს და არ გამორთოთ მოწყობილობა. სმარტფონი ავტომატურად გადაიტვირთება, რის შემდეგაც iOS 27-ის ახალი ფუნქციებით სარგებლობას შეძლებთ.
თუ განახლების სტანდარტული მეთოდით დაყენებას ვერ ახერხებთ, შეგიძლიათ კომპიუტერი გამოიყენოთ. თუ გაქვთ Mac, რომელზეც macOS Catalina (2019 წლის ვერსია) ან უფრო ახალი ოპერაციული სისტემაა დაყენებული, შეასრულეთ შემდეგი მოქმედებები.
- შეაერთეთ iPhone კომპიუტერთან კაბელით.
- გახსენით Finder.
- გვერდითა პანელში აირჩიეთ თქვენი iPhone.
- გადადით განყოფილებაში „ძირითადი“ → „განახლებების შემოწმება“.
- ჩამოტვირთეთ და დააყენეთ iOS 27, თუ განახლება ხელმისაწვდომია.
თუ თქვენს Mac-ზე macOS Mojave ან უფრო ძველი ვერსიაა დაყენებული, მოქმედებების თანმიმდევრობა იგივეა, თუმცა Finder-ის ნაცვლად iTunes უნდა გამოიყენოთ.
თუ Windows-ზე მომუშავე ლეპტოპი გაქვთ, განახლების დაყენება მისი საშუალებითაც შეგიძლიათ. შეაერთეთ iPhone კომპიუტერთან კაბელით, Microsoft Store-დან ჩამოტვირთეთ Apple Devices აპი და გახსენით. გვერდითა მენიუში აირჩიეთ თქვენი მოწყობილობა და გადადით განყოფილებაში „ძირითადი“ → „განახლებების შემოწმება“ → „განახლება“.
განახლების დაყენებისას პრობლემა შესაძლოა მოწყობილობაში თავისუფალი მეხსიერების ნაკლებობამ გამოიწვიოს. ასეთ შემთხვევაში წაშალეთ არასაჭირო ფაილები ან გადაიტანეთ ისინი ღრუბლოვან საცავში და ხელახლა სცადეთ განახლების დაყენება.
თუ დამატებითი კითხვები გაქვთ, კონსულტაციისთვის მიმართეთ iSpace-ის სპეციალისტებს. მათთან დაკავშირება შეგიძლიათ დისტანციურად – ტელეფონით ან ვებსაიტზე არსებული ჩატის საშუალებით. ასევე შეგიძლიათ პირადად ეწვიოთ ჩვენს მაღაზიებს თბილისსა და ბათუმში. iSpace-ს Apple Premium Partner-ის სტატუსი აქვს და აქ შეგიძლიათ ახალი ტექნიკა ხელსაყრელი პირობებით შეიძინოთ. ჩვენ გთავაზობთ მხოლოდ ორიგინალ მოწყობილობებს მწარმოებლის გარანტიით, ძველი მოწყობილობის ახლით გაცვლის პროგრამას Trade In, ასევე კრედიტსა და განვადებას. შეუკვეთეთ ტექნიკა ინტერნეტით და ისარგებლეთ სახლში მიტანის მომსახურებით ან თავად გამოიტანეთ შენაძენი მაღაზიიდან. ჩვენი განსაკუთრებული შეთავაზებები რომ არ გამოგრჩეთ, შეუერთდით iSpace Community-ს.
აირჩიეთ ახალი iPhone ჩვენი კატალოგიდან:
ხშირად დასმული კითხვები
როდის გამოვიდა iOS 27?
ახალი ოპერაციული სისტემა 2026 წლის 8 ივნისს, WWDC26 კონფერენციაზე წარადგინეს. iOS 27 ოფიციალურად 2026 წლის 14 სექტემბერს გამოვიდა.
iPhone-ის რომელ მოდელებზეა ხელმისაწვდომი ოპერაციული სისტემის უახლესი განახლება?
iOS-ის სექტემბრის განახლების დაყენება შესაძლებელია iPhone 11-სა და უფრო ახალ მოდელებზე, ასევე მეორე და მესამე თაობის iPhone SE-ზე. Apple Intelligence-ისა და Siri AI-ის ფუნქციები კი ხელმისაწვდომია iPhone 15 Pro-ზე, iPhone 15 Pro Max-სა და უფრო ახალ თავსებად მოდელებზე. ამასთან, ზოგიერთი ფუნქციის ხელმისაწვდომობა ქვეყანასა და არჩეულ ენაზეა დამოკიდებული. ქართული ენა ჯერჯერობით მხარდაჭერილი არ არის, თუმცა შეგიძლიათ ინგლისური ენა გამოიყენოთ.
რა სიახლეებია iOS 27-ში?
მთავარ სიახლეებს შორისაა მშობლის კონტროლის გაუმჯობესებული შესაძლებლობები, განახლებული ხმოვანი ასისტენტი Siri AI და ფოტოების რედაქტირების ახალი ხელსაწყოები. ახლა შეგიძლიათ მარტივად შეცვალოთ Liquid Glass-ის გამჭვირვალობა და ისარგებლოთ iCloud-ის საერთო ალბომებით.
როგორ დააყენოთ iOS 27 iPhone-ზე?
შექმენით მონაცემების სარეზერვო ასლი და შეინახეთ ის ღრუბლოვან საცავში ან კომპიუტერში. შეაერთეთ სმარტფონი დამტენთან, დაუკავშირდით Wi-Fi ქსელს და გადადით განყოფილებაში „პარამეტრები“ → „ძირითადი“ → „პროგრამული უზრუნველყოფის განახლება“. ჩამოტვირთეთ iOS 27 და მიჰყევით ეკრანზე მოცემულ მითითებებს.
Apple Intelligence-ის რა ახალი ფუნქციები დაემატა iOS 27-ს?
განახლებულ ხმოვან ასისტენტს, Siri AI-ს, შეუძლია მომხმარებლის შესახებ არსებული ინფორმაციის გათვალისწინება და სხვადასხვა აპში უფრო მეტი დავალების შესრულება. ასევე გაუმჯობესდა ფოტოების რედაქტირების ხელსაწყოები. Extend ფუნქციით შეგიძლიათ ფოტოს საზღვრები გააფართოოთ, Clean Up-ის საშუალებით კი არასასურველი ობიექტები წაშალოთ. გაუმჯობესებული ხელსაწყო ახლა დიდი ზომის ობიექტების მოცილებასაც უფრო ზუსტად ახერხებს.
ღირს თუ არა iOS-ის უახლეს ვერსიაზე გადასვლა?
თუ თქვენი სმარტფონი iOS 27-თან თავსებადია, უმჯობესია, ახალი ვერსია დააყენოთ. ახალ ვერსიას დაემატა ფუნქციები და გაუმჯობესდა უსაფრთხოების მექანიზმები, რაც მოწყობილობის უფრო სტაბილურ მუშაობას უწყობს ხელს.
ასევე იხილეთ
iPhone 18 Pro: გამოსვლის თარიღი, მახასიათებლები და Apple-ის ახალი ფლაგმანის მთავარი სიახლეები
iPhone Duo: პირველი დასაკეცი iPhone-ის მახასიათებლები
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.


