პორტატიული დინამიკის არჩევისას, პირველ რიგში, თქვენი საჭიროებები გაითვალისწინეთ. სეირნობისა და მოგზაურობისთვის მნიშვნელოვანია კომპაქტური ზომა, IP-სტანდარტით დაცვა და მინიმუმ 10-საათიანი ავტონომიური მუშაობა. წვეულებებისთვის უფრო აქტუალურია სიმძლავრე, ძლიერი ბასი და 360°-ზე გავრცელებული ხმა, ხოლო სახლისთვის – სიხშირეების დაბალანსებული გადმოცემა და დახვეწილი დიზაინი.
არჩევისას ორი ძირითადი პარამეტრია გასათვალისწინებელი: სიმძლავრე ვატებში და ხმის წნევა – SPL, დეციბელებში. ხარისხიანმა დინამიკმა მაქსიმალურ ხმაზეც კი არ უნდა დაამახინჯოს ჟღერადობა. ასევე ყურადღება მიაქციეთ კორპუსის მასალებს, Bluetooth-ის ვერსიას – 5-ს ან უფრო ახალს – მწარმოებლის აპლიკაციის ხელმისაწვდომობასა და სასარგებლო ფუნქციებს: უკუ დამუხტვას, ჩაშენებულ მიკროფონსა და ვინილის ფირსაკრავთან თავსებადობას. ეს ყველაფერი დინამიკის გამოყენების საერთო გამოცდილებაზე მოქმედებს.
ამ მასალაში გიამბობთ, როგორ აირჩიოთ დინამიკი 2026 წელს, გაგაცნობთ Klipsch-ის აკუსტიკას და მიმოვიხილავთ ხუთ საუკეთესო მოდელს.
როგორი დინამიკი გჭირდებათ?
დინამიკის არჩევისას, პირველ რიგში, არა ტექნიკური მახასიათებლებით, არამედ თქვენი საჭიროებებით იხელმძღვანელეთ. დანიშნულების მიხედვით, პორტატიული დინამიკები პირობითად სამ ტიპად იყოფა:
- მოგზაურობისა და ღია სივრცეში აქტიური დასვენებისთვის მნიშვნელოვანია კომპაქტური ზომა, მტვრისა და წყლისგან დაცვა – IP67 პლაჟისთვის, IP64 კი სეირნობისთვის – და ავტონომიური მუშაობის დრო: სასურველია, დინამიკმა 10-12 საათის განმავლობაში იმუშაოს.
- წვეულებებისა და მეგობრებთან შეკრებებისთვის პრიორიტეტულია სიმძლავრე, ხმის მაღალი დონე, გამოკვეთილი ბასი და 360°-ზე გავრცელებული ხმა.
- სახლისა და ყოველდღიური მოსმენისთვის მნიშვნელოვანია დეტალური ჟღერადობა, დაბალანსებული სიხშირეები და სასიამოვნო დიზაინი, რომელიც ინტერიერს ბუნებრივად მოერგება.
მას შემდეგ, რაც ძირითად მოთხოვნებს განსაზღვრავთ, დეტალებზე გადადით. მაგალითად, სახლისთვის ხშირად ირჩევენ მოდელს RCA-შესასვლელითა და ვინილის ფირსაკრავისთვის განკუთვნილი ჩაშენებული ფონოკორექტორით, ხოლო წვეულებისთვის შესაფერისია Bluetooth-დინამიკი, რომელსაც მიკროფონის მიერთების შესაძლებლობა აქვს.
რას უნდა მიაქციოთ ყურადღება კარგი ჟღერადობის მქონე დინამიკის არჩევისას?
იმისთვის, რომ დინამიკმა ხარისხიანი ჟღერადობა უზრუნველყოს, ის რამდენიმე პარამეტრის მიხედვით უნდა შეაფასოთ. აქ ყველაფერი მნიშვნელოვანია – გარეგნული იერიდან დამატებით ფუნქციებამდე.
ზომები, დიზაინი და მასალები
პორტატიული დინამიკის ჟღერადობა მის ზომასა და კორპუსის მასალებზეცაა დამოკიდებული. ამ მხრივ კარგად მუშაობს ალუმინი, ხარისხიანი ABS-პლასტმასი და აკუსტიკური ქსოვილი. იაფი პლასტმასისგან დამზადებულმა მოდელებმა შესაძლოა არასასიამოვნო ვიბრაცია გამოიწვიოს და ხმა დაამახინჯოს. ვიზუალური მხარეც არ დაგავიწყდეთ: თუ აკუსტიკას სახლისთვის ყიდულობთ, დარწმუნდით, რომ ის ინტერიერს ჰარმონიულად მოერგება.

სიმძლავრე და ხმის წნევის დონე
ხარისხიანი დინამიკი მხოლოდ მაღალი სიმძლავრით არ განისაზღვრება – მნიშვნელოვანია ხმის წნევის დონეც, ანუ SPL, რომელიც დეციბელებში იზომება. მაღალი მგრძნობელობის მქონე დინამიკი ნაკლები სიმძლავრის შემთხვევაშიც კი შეიძლება უფრო ხმამაღლა და სუფთად ჟღერდეს, ვიდრე უფრო ძლიერი, მაგრამ დაბალი მგრძნობელობის მქონე მოდელი.
თუ გსურთ, ხმა 360°-ზე გავრცელდეს, ყურადღება მიაქციეთ დინამიკების რაოდენობასა და განლაგებას. ასეთ შემთხვევაში კლასიკური კონსტრუქცია, წინა მხარეს განთავსებული დინამიკით, საკმარისი არ არის – უკეთესია წრიული აკუსტიკური კონსტრუქციის მქონე მოდელი. ასეთ მოდელებში პასიური რადიატორები ბასს უფრო ღრმასა და დაბალანსებულს ხდის.
სიხშირის დიაპაზონი
ხმის ზუსტად გადმოცემის უნარი სიხშირეების დაბალანსებაზეა დამოკიდებული. დაბალი სიხშირეები (20-200 ჰც) ხმას მოცულობასა და სიმკვრივეს სძენს, საშუალო სიხშირეები (200 ჰც-2 კჰც) ვოკალსა და ცოცხალ ინსტრუმენტებზეა პასუხისმგებელი, ხოლო მაღალი სიხშირეები (2-20 კჰც) დეტალებს, დასარტყამი საკრავების თეფშების ჟღერადობასა და საერთო „გამჭვირვალობას“ გამოკვეთს.
კარგი მოწყობილობა მაღალ ხმაზეც არ ამახინჯებს ჟღერადობას. ხარისხიან აკუსტიკაში გამოიყენება ციფრული სიგნალის პროცესორები (DSP), რომლებიც ხმის სისუფთავისა და დეტალიზაციის შენარჩუნებას უწყობს ხელს.
ავტონომიური მუშაობა და აკუმულატორის ტევადობა
მუშაობის ხანგრძლივობა აკუმულატორის ტევადობაზეა დამოკიდებული. პიკნიკზე ან პლაჟის წვეულებაზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დამუხტვის სიჩქარეც. ბევრი მოდელი 100%-მდე 3-4 საათში იტენება, თუმცა სხვა ვარიანტებიც არსებობს: Klipsch Austin-ს ამისთვის მხოლოდ 2 საათი სჭირდება.
კავშირი, ფუნქციები და დამატებითი შესაძლებლობები
იმისთვის, რომ ხმა დაყოვნების გარეშე გადაიცემოდეს, აირჩიეთ Bluetooth 5.3 ან უფრო ახალი ვერსია – ასე კავშირი უფრო სტაბილური იქნება. რამდენიმე მოწყობილობასთან ერთდროულად დაკავშირების ფუნქცია განსაკუთრებით მოსახერხებელია: მისი დახმარებით დინამიკს შეგიძლიათ ერთდროულად დაუკავშიროთ ლეპტოპი და სმარტფონი, თავად დინამიკი კი პრიორიტეტის მიხედვით გადაერთვება მათ შორის. მწარმოებლის აპლიკაცია დინამიკის ფუნქციურ შესაძლებლობებს აფართოებს. მაგალითად, აპლიკაციაში შეგიძლიათ:
- ეკვალაიზერის პარამეტრები თქვენს გემოვნებას მოარგოთ;
- სწრაფად განაახლოთ პროგრამული უზრუნველყოფა;
- რამდენიმე დინამიკი ერთ სისტემაში გააერთიანოთ.
ჩაშენებული მიკროფონი დინამიკს სპიკერფონად აქცევს – ეს მოსახერხებელია, თუ გსურთ, მეგობრებს გარეთ ყოფნისას დაურეკოთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ მათ წვეულებაზე მოსვლა ვერ შეძლეს. ბუნებაში დროის გატარების მოყვარულები უკუ დამუხტვის ფუნქციასაც დააფასებენ – სმარტფონის დამუხტვა პირდაპირ დინამიკიდან შეგიძლიათ. თუ ვინილის ჟღერადობა გიყვართ, სახლის აკუსტიკას ანალოგური RCA-შესასვლელისა და ჩაშენებული ფონოკორექტორის მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს.
რატომ არ ჟღერს ყველა დინამიკი ერთნაირად?
ერთნაირი სიმძლავრის მქონე ორი დინამიკი შეიძლება სრულიად განსხვავებულად ჟღერდეს. მიზეზი დიფუზორის მასალაში, კონსტრუქციაში, კორპუსის მოცულობასა და გამაძლიერებელი ნაწილის ხარისხშია.

როდესაც ხმა მაქსიმუმამდეა აწეული, ჩვეულებრივ დინამიკებში ხშირად ჩნდება არაწრფივი დამახინჯებები, რომლებსაც ადამიანის ყური უსიამოვნო ხმაურად აღიქვამს. იმისთვის, რომ Bluetooth-დინამიკმა სუფთა ხმა გამოსცეს, მან აუდიოსიგნალი მაქსიმალურად ზუსტად უნდა დაამუშაოს და გადასცეს – ამ ეტაპზე გადამწყვეტია არა მხოლოდ ვატები და დეციბელები, არამედ საინჟინრო გადაწყვეტილებებიც. მაგალითად, Klipsch-ს აქვს დაპატენტებული ტექნოლოგიები, რომლებიც ხმას უფრო ზუსტსა და ბუნებრივს ხდის.
Klipsch-ის ტექნოლოგიები, რომლებიც ჟღერადობას აუმჯობესებს
ლეგენდარული ამერიკული ბრენდი Klipsch 1946 წელს დაარსდა. უკვე 75 წელზე მეტია, ის ხმის ხარისხის მიმართ უკომპრომისო მიდგომას ინარჩუნებს. მისი აკუსტიკა ცოცხალი შესრულების ენერგიას გადმოსცემს, სადაც არ უნდა უსმენდეთ მუსიკას. შეგიძლიათ ისიამოვნოთ საშუალო და მაღალი სიხშირეების გამჭვირვალე გადმოცემით, ფართო დინამიკური დიაპაზონითა და მკაფიო ბასით.

Klipsch საკუთარ ტექნოლოგიებს იყენებს:
- Tractrix Horn – მაღალი სიხშირეების დრაივერებისთვის განკუთვნილი რუპორები ხმას ზუსტად მოსმენის ზონისკენ მიმართავს და დამახინჯებას ამცირებს;
- დრაივერების მაღალი მგრძნობელობა – ეს ტექნოლოგია თითოეული ვატის ეფექტურად გამოყენების საშუალებას იძლევა, ჟღერადობა კი ძლიერი, სუფთა და დინამიკური რჩება;
- ჟღერადობის ზუსტი რეგულირება – დინამიკებში აქცენტი დეტალიზაციასა და ტონალურ სიზუსტეზეა გაკეთებული, ხმის მართვა კი Klipsch Connect-ის აპლიკაციით შეგიძლიათ: ეკვალაიზერი ან ბასი საკუთარ გემოვნებას მოარგეთ.
ჟღერადობა უფრო მეტად ტექნოლოგიებზეა დამოკიდებული, ვიდრე პიკურ სიმძლავრეზე. Klipsch-ის მაგალითი ამას ნათლად აჩვენებს.
Klipsch-ის 5 საუკეთესო დინამიკი – მოდელების მიმოხილვა
Klipsch აწარმოებს Bluetooth-დინამიკებს გამოყენების სხვადასხვა სცენარისთვის – როგორც კომპაქტურ მოდელებს, რომლებიც ზურგჩანთაში მარტივად თავსდება, ისე უფრო დიდ და მძლავრ აკუსტიკურ სისტემებს. ასორტიმენტიდან საუკეთესო მოდელების გამოყოფა მარტივი არ არის, თუმცა შევარჩიეთ ხუთი მოდელი, რომლებიც ყურადღებას ნამდვილად იმსახურებს.
| კატეგორია | მოდელი | დანიშნულება | მთავარი მახასიათებლები |
| საუკეთესო კომპაქტური მოდელი | Austin | ქალაქი და ყოველდღიური გამოყენება | პასიური რადიატორები, სუფთა ჟღერადობა, 12 საათამდე ავტონომიური მუშაობა, 85 დბ ხმის წნევის დონე, ჩაშენებული მიკროფონი |
| საუკეთესო მოდელი მოგზაურობისთვის | Nashville | აქტიური დასვენება, ტურიზმი | 360°-იანი ხმის სცენა, IP67 დაცვა, მსუბუქი და კომპაქტური კორპუსი, სწრაფი დამუხტვა – 1,5 საათში, ხანგრძლივი ავტონომიური მუშაობა – დაახლოებით 24 საათამდე |
| საუკეთესო მძლავრი პორტატიული მოდელი | Detroit | აგარაკი, პიკნიკები, დიდი შეკრებები | ღრმა ბასი, 20 საათამდე მუშაობა |
| საუკეთესო მოდელი წვეულებებისთვის | Miami | აგარაკი, დიდი შეკრებები | კარაოკეს შესასვლელი, მიკროფონი კომპლექტში, განათების ეფექტები, ხმის წნევის მაღალი დონე, 18 საათამდე მუშაობა, გიტარის შესაერთებელი პორტი |
| საუკეთესო ჟღერადობა სახლისთვის | The Three Plus | სახლი, ვინილის ფირსაკრავები | ჩაშენებული ფონოკორექტორი, დახვეწილი იერი, ანალოგური RCA-შესასვლელი |
ხუთივე მოდელი განსხვავებულია, თუმცა მათ ერთი რამ აერთიანებს – Klipsch-ის ლეგენდარული ხარისხი. უკვე 75 წელზე მეტია, ბრენდის მიდგომა უცვლელი რჩება: ცოცხალი ჟღერადობა, ძლიერი ბასი და სასიამოვნო ატმოსფერო.
რა უნდა შეამოწმოთ დინამიკის შეძენამდე 2026 წელს
ღია სივრცისა და სახლისთვის შესაფერისი დინამიკის არჩევა მარტივია, თუ მთავარ დეტალებს წინასწარ გაითვალისწინებთ. მოვამზადეთ სია, რომელიც არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარებათ:
- განსაზღვრეთ, სად და როგორ გამოიყენებთ დინამიკს. მოგზაურობისთვის აირჩიეთ პორტატიული მოდელები – Austin და Nashville, წვეულებისთვის – Miami და New York, ხოლო სახლისთვის სასიამოვნო ჟღერადობის მისაღებად – The One Plus და The Three Plus.
- შეამოწმეთ IP დაცვის დონე. თუ პლაჟზე ან ტყეში პიკნიკზე მიდიხართ, უპირატესობა IP67 დაცვას მიანიჭეთ, ხოლო წყლისგან ნაკლები რისკის მქონე გარემოში IP64 დაცვაც საკმარისი შეიძლება იყოს.
- გაეცანით მგრძნობელობის მაჩვენებლებს. თუ SPL-ის მაჩვენებელი მაღალია, დინამიკი ნაკლები სიმძლავრითაც კი ხმამაღალ, სუფთა და დინამიკურ ჟღერადობას უზრუნველყოფს.
- შეამოწმეთ აპლიკაცია და ეკოსისტემის მხარდაჭერა. მაგალითად, Klipsch Connect-ის საშუალებით შეგიძლიათ ეკვალაიზერისა და ხმოვანი ეფექტების მართვა, რამდენიმე დინამიკის ერთ სისტემაში გაერთიანება და პროგრამული უზრუნველყოფის მარტივად განახლება.
ლეგენდარული ამერიკული ბრენდის, Klipsch-ის დინამიკის შეძენა საქართველოში iSpace-ში შეგიძლიათ. ჩვენ გთავაზობთ მხოლოდ ორიგინალ მოწყობილობებს. ჩვენი ექსპერტები მზად არიან, თქვენს კითხვებს უპასუხონ და არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარონ.
FAQ
შეიძლება დინამიკის გამოყენება დამუხტვის დროს?
შეიძლება, თუმცა ეს კონკრეტული მოწყობილობის ინსტრუქციაში სჯობს გადაამოწმოთ. ზოგიერთი მწარმოებელი გვირჩევს, მუსიკას საშუალო ან დაბალ ხმაზე მოუსმინოთ, რათა აკუმულატორი არ გადახურდეს.
რას უნდა მიაქციოთ ყურადღება – სიმძლავრეს თუ სიხშირის დიაპაზონს?
ორივე პარამეტრი მნიშვნელოვანია. სიმძლავრე განსაზღვრავს, რამდენად ხმამაღლა შეუძლია დინამიკს ჟღერადობის დამახინჯების გარეშე მუშაობა, ხოლო სიხშირის დიაპაზონი – რამდენად სრულად და ღრმად გადმოსცემს დინამიკი ხმას.
როგორი ხმის წნევის დონე უნდა ჰქონდეს დინამიკს ღია სივრცეში?
თუ მუსიკის ჩართვა ღია სივრცეში გადაწყვიტეთ – მაგალითად, სასიამოვნო ატმოსფეროს შესაქმნელად ვახშმის დროს – საკმარისი იქნება დაახლოებით 85-95 დბ ხმის წნევის დონე. ღია ცის ქვეშ წვეულებისთვის უფრო მაღალი მაჩვენებელი დაგჭირდებათ – დაახლოებით 100-110 დბ.
რამდენი ვატი უნდა ჰქონდეს კარგ დინამიკს?
ხარისხიანი კომპაქტური დინამიკის სიმძლავრე 4-10 ვატია, უნივერსალური მოდელისა – 40-100 ვატი. ღია სივრცეში ხმაურიანი წვეულებისთვის განკუთვნილ მძლავრ აუდიოსისტემას შეიძლება 100 ვატზე მეტი სიმძლავრეც ჰქონდეს.
ასევე იხილეთ
Klipsch – ლეგენდარული აუდიობრენდი iSpace-ში
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.


