iCloud არის Apple-ის ღრუბლოვანი სერვისი, რომელიც ერთი Apple-ის ანგარიშით დაკავშირებულ მოწყობილობებს შორის პარამეტრების, პაროლებისა და ფაილების სინქრონიზაციას უზრუნველყოფს. აპების სინქრონიზაციის ჩასართავად მოწყობილობის პარამეტრებში შეეხეთ თქვენს სახელს და გადადით iCloud-ის განყოფილებაში.
თითოეულ მომხმარებელს iCloud-ში 5 გბ მეხსიერება უფასოდ ეძლევა. თუ ეს მოცულობა საკმარისი არ არის, შეგიძლიათ ფასიანი გამოწერა გააფორმოთ და საცავის მოცულობა გაზარდოთ. ამ სტატიაში განვიხილავთ, როგორ გამოიყენოთ iCloud, როგორ შეიძინოთ დამატებითი მეხსიერება და როგორ ჩართოთ სარეზერვო ასლების შექმნა.
რა არის iCloud და რისთვის გამოიყენება?
ჯერ გავარკვიოთ, რა არის iCloud. ეს არის Apple-ის ღრუბლოვანი სერვისი, რომელიც თქვენს Apple-ის ანგარიშთან არის დაკავშირებული. iCloud ინახავს თქვენ მიერ არჩეულ ინფორმაციასა და აპების მონაცემებს, უზრუნველყოფს მათ სინქრონიზაციას მოწყობილობებს შორის და iPhone-ისა და iPad-ის სარეზერვო ასლების შექმნის საშუალებას გაძლევთ.
სინქრონიზაციის წყალობით მონაცემების ხელით გადატანა აღარ გჭირდებათ. მაგალითად, თუ iPhone-ზე ჩანაწერს შეცვლით, მისი განახლებული ვერსია სხვა მოწყობილობებზეც გამოჩნდება. ამისთვის ყველა მოწყობილობაზე ერთი და იგივე Apple-ის ანგარიში უნდა გამოიყენოთ და საჭირო მონაცემების სინქრონიზაცია ჩართული უნდა გქონდეთ.
როგორ ჩავრთოთ iCloud iPhone-ზე ან iPad-ზე?
დაყენებას მხოლოდ რამდენიმე წუთი სჭირდება. ამისთვის უნდა იცოდეთ თქვენი Apple-ის ანგარიშის პაროლი და გქონდეთ სტაბილური ინტერნეტკავშირი. iCloud-ის iPhone-ზე ჩასართავად:
- გახსენით „პარამეტრები“.
- ეკრანის ზედა ნაწილში შეეხეთ თქვენს სახელს.
- გადადით iCloud-ის განყოფილებაში.
- „iCloud-ში შენახული“ განყოფილებაში აირჩიეთ აპები და მონაცემების კატეგორიები, რომელთა სინქრონიზაციაც გსურთ, და ჩართეთ შესაბამისი პარამეტრები.
iCloud-ის iPad-ზე ჩართვის პროცედურაც ანალოგიურია.
პირველ სინქრონიზაციას შესაძლოა რამდენიმე საათი დასჭირდეს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ღრუბელში ბევრი ვიდეო ან დიდი ზომის ფაილი იტვირთება. ასეთ შემთხვევაში უმჯობესია მოწყობილობა Wi-Fi-სა და კვების წყაროს დაუკავშიროთ. შემდგომში მონაცემების სინქრონიზაცია ფონურ რეჟიმში ავტომატურად მოხდება.
როგორ გამოვიყენოთ iCloud Apple-ის სხვადასხვა მოწყობილობაზე?
iCloud-ის ფუნქციების უმეტესობა Apple-ის ოპერაციულ სისტემებშია ინტეგრირებული და ფონურ რეჟიმში მუშაობს. მაგალითად, თუ Mac-ზე „კალენდარში“ ღონისძიებას დაამატებთ, სინქრონიზაციის შემდეგ ის iPhone-ზე, iPad-სა და Apple Watch-ზეც გამოჩნდება. „iCloud Keychain“-ში შენახული პაროლები ხელმისაწვდომია ყველა მოწყობილობაზე, რომელზეც იმავე Apple-ის ანგარიშით ხართ შესული.

დოკუმენტების, პრეზენტაციებისა და PDF ფაილებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ iCloud Drive. ეს iCloud-ის ნაწილია, რომელიც ფაილების შენახვასა და სინქრონიზაციას უზრუნველყოფს. iCloud Drive ხელმისაწვდომია „Files“ აპში iOS-სა და iPadOS-ზე, ხოლო macOS-ზე – Finder-ში. თუ ფაილს iCloud Drive-ში შეინახავთ, ის თქვენს სხვა მოწყობილობებზეც გამოჩნდება.
როგორ მუშაობს iCloud-ში სარეზერვო ასლების შექმნა?
სარეზერვო ასლი მოწყობილობის ქარხნულ პარამეტრებზე დაბრუნების, შეცვლის, დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში მონაცემების აღდგენაში დაგეხმარებათ. ის მხოლოდ ფოტოებსა და ჩამოტვირთულ ფაილებს არ ინახავს. სარეზერვო ასლში შედის მოწყობილობის პარამეტრები, აპების მონაცემები და ის ინფორმაციაც, რომელიც iCloud-თან ცალკე არ სინქრონიზდება. ფაქტობრივად, სარეზერვო ასლში მოწყობილობის მნიშვნელოვანი მონაცემებისა და პარამეტრების მიმდინარე მდგომარეობა ინახება.
iCloud-ში სარეზერვო ასლების შესაქმნელად:
- გახსენით „პარამეტრები“ და შეეხეთ თქვენს სახელს;
- გადადით iCloud-ის განყოფილებაში;
- აირჩიეთ „iCloud Backup“;
- ჩართეთ მიმდინარე მოწყობილობის სარეზერვო ასლების შექმნა.
დაყენების შემდეგ სარეზერვო ასლები ავტომატურად განახლდება, როდესაც მოწყობილობა დაბლოკილია და კვების წყაროსა და Wi-Fi-სთანაა დაკავშირებული. ჩვეულებრივ, ეს პროცესი ღამით მიმდინარეობს. საჭიროების შემთხვევაში სარეზერვო ასლის შექმნა იმავე განყოფილებიდან ხელითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
როგორ შევიძინოთ დამატებითი მეხსიერება iCloud-ში?
Apple-ის ანგარიშის შექმნისას iCloud-ში 5 გბ მეხსიერებას უფასოდ იღებთ. თუ სერვისს აქტიურად იყენებთ, ეს მოცულობა შეიძლება სწრაფად შეივსოს. დამატებითი მეხსიერების შესაძენად:
- გახსენით „პარამეტრები“ და შეეხეთ თქვენს სახელს.
- გადადით iCloud-ის განყოფილებაში და გახსენით საცავის მართვის პარამეტრები.
- აირჩიეთ ტარიფის შეცვლა.
- მიუთითეთ სასურველი მოცულობა და დაადასტურეთ შეძენა ეკრანზე მოცემული ინსტრუქციის მიხედვით.
ხელმისაწვდომი ტარიფები, ფასები და დამატებითი ფუნქციები ქვეყანასა და Apple-ის მოქმედ პირობებზეა დამოკიდებული. საქართველოში iCloud+-ის 50 გბ-იანი გეგმა თვეში 0,99 აშშ დოლარი ღირს, ხოლო ყველაზე დიდი, 12 ტბ-იანი გეგმა – 69,99 აშშ დოლარი.
როგორ გავიგოთ, რომ iCloud-ში თავისუფალი ადგილი იწურება?
თუ iCloud-ში თავისუფალი ადგილი იწურება, მოწყობილობაზე შესაბამის შეტყობინებას მიიღებთ. საცავის მდგომარეობის ხელით შესამოწმებლად გახსენით „პარამეტრები“, შეეხეთ თქვენს სახელს, გადადით iCloud-ის განყოფილებაში და გახსენით საცავის მართვის გვერდი.

აქ გამოჩნდება საცავის გამოყენების დიაგრამა, სადაც შეგიძლიათ ნახოთ საერთო მოცულობა, დარჩენილი თავისუფალი ადგილი და ისიც, რამდენ ადგილს იკავებს სარეზერვო ასლები, დოკუმენტები და მონაცემების სხვა კატეგორიები.
რა გავაკეთოთ, თუ iCloud არ მუშაობს ან მონაცემები არ სინქრონიზდება?
iCloud, როგორც წესი, სტაბილურად მუშაობს, თუმცა ზოგჯერ შეფერხება სხვადასხვა მიზეზით შეიძლება წარმოიშვას. ასეთ შემთხვევაში შეამოწმეთ შემდეგი:
- ინტერნეტკავშირი – დარწმუნდით, რომ მოწყობილობა სტაბილურ Wi-Fi-ს ან მობილურ ქსელს უკავშირდება.
- Apple-ის სერვისები – „System Status“ გვერდზე შეგიძლიათ შეამოწმოთ, ხომ არ ფიქსირდება Apple-ის რომელიმე სერვისის მუშაობის დროებითი შეფერხება.
- თავისუფალი ადგილი – თუ iCloud-ის საცავი შევსებულია, წაშალეთ არასაჭირო მონაცემები ან გაზარდეთ მისი მოცულობა.
- სისტემის ვერსია – დააყენეთ iOS-ის, iPadOS-ის ან macOS-ის ხელმისაწვდომი განახლებები.
თუ ფაილების ატვირთვა მაინც არ იწყება, გადატვირთეთ მოწყობილობა – ხშირად ეს დროებითი პროგრამული შეფერხებების აღმოფხვრაში დაგეხმარებათ.
ახლა უკვე იცით, რა არის iCloud და როგორ გამოიყენოთ ის. სწორი დაყენებისა და სინქრონიზაციის შემთხვევაში მნიშვნელოვანი ინფორმაცია და საჭირო მონაცემები ყოველთვის ხელმისაწვდომი გექნებათ. თუ დამატებითი კითხვები გაქვთ, შეგიძლიათ მიმართოთ საქართველოში Apple Premium Partner-ის სტატუსის მქონე iSpace-ის სპეციალისტებს – ისინი Apple-ის მოწყობილობებსა და სერვისებში კარგად ერკვევიან და საჭირო კონსულტაციას გაგიწევენ.
iSpace-ში შეგიძლიათ განაახლოთ თქვენი Apple-ის მოწყობილობები. აქ წარმოდგენილია Apple-ის ორიგინალური ტექნიკა მწარმოებლის ერთწლიანი გარანტიით. შეგიძლიათ შეარჩიოთ მოწყობილობა სწავლისთვის, სამუშაოსა თუ ყოველდღიური გამოყენებისთვის. ტექნიკის შეკვეთა შესაძლებელია ონლაინ, ხოლო iSpace-ის ფიზიკურ მაღაზიებს შეგიძლიათ ეწვიოთ თბილისში და ბათუმში. შეძენისას შეგიძლიათ ისარგებლოთ განვადებითა და კრედიტით, ხოლო ძველი მოწყობილობის ახლით უფრო ხელსაყრელ პირობებში ჩანაცვლებისთვის – Trade In პროგრამით.
Apple-ის შესახებ დამატებით ინსტრუქციებს, მიმოხილვებსა და სიახლეებს ჩვენს სოციალურ ქსელებსა და ვებსაიტის ბლოგში ვაქვეყნებთ. თვალი ადევნეთ განახლებებს, რათა საინტერესო სიახლეები არ გამოგრჩეთ.
აირჩიეთ iPhone კატალოგიდან:
FAQ
როგორ გამოვიყენოთ iCloud სწორად?
ყველა მოწყობილობაზე, რომელთა შორისაც მონაცემების სინქრონიზაცია გსურთ, შედით ერთი და იმავე Apple-ის ანგარიშით. შემდეგ ჩართეთ საჭირო აპებისა და მონაცემების კატეგორიების სინქრონიზაცია, ხოლო სარეზერვო ასლების შექმნა ცალკე ჩართეთ.
როგორ გამოვიყენოთ iCloud-ის საერთო საცავი?
iCloud+-ის გამოწერა შეგიძლიათ Family Sharing-ის ჯგუფის წევრებს გაუზიაროთ. ამის დაყენება Apple-ის ანგარიშის პარამეტრებში, „Family Sharing“-ის განყოფილებიდან შეგიძლიათ. საცავის საერთო მოცულობას ჯგუფის წევრები ერთობლივად იყენებენ, თუმცა თითოეული მომხმარებლის პირადი ფაილები დანარჩენი წევრებისთვის მიუწვდომელია.
როგორ შევიძინოთ დამატებითი ადგილი iCloud-ში?
გახსენით „პარამეტრები“, შეეხეთ თქვენს სახელს და გადადით iCloud-ის განყოფილებაში. შემდეგ გახსენით საცავის მართვის პარამეტრები, აირჩიეთ ტარიფის შეცვლა, მიუთითეთ სასურველი მოცულობა და გადაიხადეთ გამოწერის საფასური.
რა გავაკეთოთ, თუ iCloud-ში საცავი შევსებულია, თუმცა თავისუფალი ადგილი ჯერ კიდევ არის?
შეამოწმეთ, ხომ არ იკავებს საცავის მნიშვნელოვან ნაწილს ძველი სარეზერვო ასლი ან მონაცემების სხვა დიდი კატეგორია. თუ თავისუფალი ადგილი ნამდვილად საკმარისია, გადატვირთეთ მოწყობილობა და სტაბილური ინტერნეტკავშირის პირობებში ხელახლა სცადეთ სინქრონიზაცია.
ასევე წაიკითხეთ
შესაძლებელია თუ არა Windows-ის დაყენება Mac-ზე 2026 წელს: მეთოდები, შეზღუდვები და სასარგებლო რჩევები
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.


