macOS-ის ხელახლა დაყენება რამდენიმე გზით არის შესაძლებელი. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდია macOS Recovery-ის, ანუ აღდგენის რეჟიმის გამოყენება. ამისათვის:
- შექმენით მონაცემების სარეზერვო ასლი ხელით ან Time Machine-ის მეშვეობით.
- გამორთეთ მოწყობილობა.
- ჩატვირთეთ Mac აღდგენის რეჟიმში.
- აირჩიეთ „macOS-ის ხელახლა დაყენება“ და მიჰყევით ეკრანზე მოცემულ ინსტრუქციებს.
პროცესის დაწყებამდე შეამოწმეთ, თავსებადია თუ არა ოპერაციული სისტემის არჩეული ვერსია თქვენს მოწყობილობასთან, შეაერთეთ MacBook კვების წყაროსთან და დარწმუნდით, რომ ინტერნეტკავშირი სტაბილურია. დროის დაზოგვის მიზნით, შეგიძლიათ iSupport-ის ავტორიზებულ სერვისცენტრსაც მიმართოთ.
რას ნიშნავს macOS-ის ხელახლა დაყენება?
macOS-ის ხელახლა დაყენება Mac-ზე ოპერაციული სისტემის თავიდან ინსტალაციას გულისხმობს. ამ პროცესის დროს სისტემური ფაილები ახლდება ან აღდგება. შედეგად შესაძლებელია პროგრამული ხარვეზების აღმოფხვრა, ხოლო თუ მოწყობილობა აღარ იტვირთება – მისი მუშაობის აღდგენა. ოპერაციული სისტემის დაყენების სამი ძირითადი ვარიანტი არსებობს:
- განახლება;
- არსებულ სისტემაზე ხელახლა დაყენება;
- სუფთა ინსტალაცია.
განახლება მოქმედი სისტემის ინტერფეისიდან macOS-ის უფრო ახალი ვერსიის დაყენებას გულისხმობს. ამ დროს ფაილები, პროგრამები და პარამეტრები უცვლელი რჩება.
არსებულ სისტემაზე ხელახლა დაყენებისას მონაცემების სრულად წაშლა საჭირო არ არის. მომხმარებელი, როგორც წესი, მნიშვნელოვან ცვლილებებს ვერ ამჩნევს – სისტემა დაზიანებულ ან დაკარგულ სისტემურ ფაილებს თავიდან აყენებს.
სუფთა ინსტალაცია დისკზე არსებული ინფორმაციის სრულად წაშლას გულისხმობს. აღდგენის რეჟიმში კი შესაძლებელია როგორც სისტემის ხელახლა დაყენება, ისე მონაცემების აღდგენა Time Machine-ის სარეზერვო ასლიდან.
მომზადება macOS-ის ხელახლა დაყენებამდე
macOS-ის ხელახლა დაყენებამდე მოწყობილობა წინასწარ მოამზადეთ. ამისათვის:
- შექმენით მონაცემების სარეზერვო ასლი ღრუბლოვან საცავში ან Time Machine-ის მეშვეობით. ეს სისტემური ხარვეზის შემთხვევაში მნიშვნელოვანი ინფორმაციის დაცვაში დაგეხმარებათ.
- შეამოწმეთ ოპერაციული სისტემის ვერსიის თავსებადობა თქვენს მოწყობილობასთან. მაგალითად, მიმდინარე წლის შემოდგომაზე გამოვა macOS 27, რომლის დაყენებაც Intel-ის პროცესორებზე მომუშავე მოწყობილობებზე აღარ იქნება შესაძლებელი.
- შეამოწმეთ ინტერნეტკავშირის ხარისხი. შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც Wi-Fi, ისე საკაბელო კავშირი.
- დარწმუნდით, რომ თქვენს Apple Account-ზე წვდომა გაქვთ და საჭირო პაროლები და უსაფრთხოების გასაღებები შენახული გაქვთ.
- გამორთეთ Find My და გამოდით iCloud-ის ანგარიშიდან, თუ მოწყობილობის მოგვიანებით გაყიდვას გეგმავთ.
- მოამზადეთ ჩამტვირთავი USB-მეხსიერება, თუ გარე ინსტალერის გამოყენებას აპირებთ.
- ჩამოტვირთეთ ინსტალერი App Store-დან, თუ სისტემის USB-მეხსიერებიდან დაყენებას გეგმავთ.
ეს რეკომენდაციები დაგეხმარებათ, თავიდან აიცილოთ ხელახლა დაყენებისას წარმოქმნილი პრობლემები და მნიშვნელოვანი მონაცემები შეინარჩუნოთ.

macOS-ის ხელახლა დაყენების მეთოდები
macOS-ის დაყენება რამდენიმე მეთოდით არის შესაძლებელი.
| მეთოდი | უპირატესობები | ნაკლოვანებები |
| ჩამტვირთავი USB-მეხსიერებიდან | მოსახერხებელია ოპერაციული სისტემის რამდენიმე მოწყობილობაზე სწრაფად დასაყენებლად. | საჭიროა ჩამტვირთავი USB-მეხსიერების წინასწარ შექმნა გამართულ მოწყობილობაზე. |
| macOS Recovery-ის მეშვეობით | არც USB-მეხსიერებაა საჭირო და არც ცალკე ინსტალერი – საჭირო ინსტრუმენტები უკვე ჩაშენებულია Mac-ში. | შესაძლოა დაინსტალირდეს ვერსია, რომელიც მოწყობილობაზე ადრე იყო დაყენებული ან კონკრეტულ Mac-თან არის თავსებადი. |
| ჩაშენებული ინსტალერის ან App Store-ის მეშვეობით | გამოდგება არსებული სისტემის განახლებისთვის. | ამ მეთოდით დისკის სრულად გასუფთავება ყოველთვის შესაძლებელი არ არის. |
| გარე დისკიდან | მოსახერხებელია ბეტა-ვერსიების გამოსაცდელად. | საჭიროა გარე დისკი. |
შესაბამისი მეთოდი კონკრეტული სიტუაციის მიხედვით უნდა შეარჩიოთ. თუმცა M სერიის ჩიპებით აღჭურვილ MacBook-ებზე უმეტესად აღდგენის რეჟიმს იყენებენ. სწორედ ამ მეთოდს განვიხილავთ ქვემოთ.
MacBook-ზე ოპერაციული სისტემის ხელახლა დაყენების ეტაპობრივი ინსტრუქცია აღდგენის რეჟიმის მეშვეობით
აღდგენის რეჟიმის გამოყენებით ოპერაციული სისტემის ხელახლა დასაყენებლად:
- გამორთეთ Mac. თუ მოწყობილობა გაიჭედა და ბრძანებებზე აღარ რეაგირებს, იძულებით გამორთეთ.
- ჩართეთ აღდგენის რეჟიმი. M სერიის ჩიპით აღჭურვილ მოწყობილობაზე დააჭირეთ ჩართვის ღილაკს და გეჭიროთ, სანამ გაშვების პარამეტრები არ გამოჩნდება. შემდეგ აირჩიეთ „პარამეტრები“ და დააჭირეთ „გაგრძელებას“. Intel-ის პროცესორით აღჭურვილ მოდელზე Mac-ის ჩართვისთანავე დააჭირეთ Command + R კლავიშებს და გეჭიროთ.
- საჭიროების შემთხვევაში გაიარეთ ავტორიზაცია და შედით თქვენს ანგარიშში.
- თუ დისკის ფორმატირებას გეგმავთ, გახსენით „დისკის უტილიტა“.
- აირჩიეთ „macOS-ის ხელახლა დაყენება“ და დააჭირეთ „გაგრძელებას“.
- მიუთითეთ დისკი, რომელზეც ოპერაციული სისტემის დაყენება გსურთ. თუ ჩამონათვალში მოცემულია Macintosh HD და Macintosh HD – Data, აირჩიეთ Macintosh HD.
- დაელოდეთ პროცესის დასრულებას და შეასრულეთ დაყენების ასისტენტის მიერ მითითებული ყველა ნაბიჯი.
ზოგჯერ ოპერაციულ სისტემას USB-მეხსიერებიდან აყენებენ. ამისათვის ინსტალაციის ფაილების USB-მეხსიერებაში უბრალოდ გადატანა საკმარისი არ არის – macOS-ის ინსტალერის საფუძველზე სრულფასოვანი ჩამტვირთავი დისკი უნდა შექმნათ.

რა უნდა შევამოწმოთ macOS-ის ხელახლა დაყენების შემდეგ?
პროცესის დასრულების შემდეგ დარწმუნდით, რომ საჭირო ინფორმაცია აღდგენილია და სისტემა გამართულად მუშაობს. თუ დისკის ფორმატირება აირჩიეთ, ფაილებისა და პარამეტრების აღდგენა Migration Assistant-ის, Time Machine-ის ან ხელით კოპირების მეშვეობით შეგიძლიათ.
სუფთა ინსტალაციის შემდეგ ზოგიერთი პარამეტრი შეიძლება საწყის მდგომარეობას დაუბრუნდეს, ამიტომ შეამოწმეთ ძირითადი ფუნქციები. დარწმუნდით, რომ ჩართულია „ოპტიმიზებული დატენვა“, Find My და Firewall, ხოლო დისკის დაშიფვრა FileVault-ის მეშვეობით არის გააქტიურებული.
შემდეგ გახსენით „სისტემის პარამეტრები“, გადადით განყოფილებაში „ძირითადი“, შემდეგ კი – „პროგრამული უზრუნველყოფის განახლება“. ჩართეთ განახლებების ავტომატური ჩამოტვირთვა. ასევე App Store-ის განყოფილებაში „განახლებები“ შეამოწმეთ, ხელმისაწვდომია თუ არა აპლიკაციების ახალი ვერსიები. ბოლოს გაუშვით Apple Diagnostics, რათა დარწმუნდეთ, რომ მოწყობილობას აპარატურული გაუმართაობა არ აქვს.
macOS-ის ხელახლა დაყენებისას გავრცელებული შეცდომები და მათი აღმოფხვრა
macOS-ის ხელახლა დაყენებისას შესაძლოა სხვადასხვა შეცდომა წარმოიშვას. თუ აღდგენის რეჟიმი არ ირთვება, შეამოწმეთ, სწორად იყენებთ თუ არა თქვენი Mac-ის მოდელისთვის განკუთვნილ კლავიშთა კომბინაციას. თუ ინსტალერის ჩამოტვირთვისას შეფერხება წარმოიქმნება, დარწმუნდით, რომ ინტერნეტკავშირი სტაბილურია. საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ საკაბელო კავშირიც გამოიყენოთ.
თუ შეცდომა არათავსებადი ინსტალერის გამო წარმოიშვა, გადატვირთეთ Mac აღდგენის რეჟიმში და ხელახლა სცადეთ ოპერაციული სისტემის შესაბამისი ვერსიის დაყენება. თუ მოწყობილობა Apple-ის ლოგოზე გაიჭედა, იძულებით გადატვირთეთ და აღდგენის პროცესი თავიდან დაიწყეთ.
თუ macOS-ის ხელახლა დაყენების დეტალებში გარკვევა არ გსურთ, მიმართეთ iSupport-ის ერთ-ერთ ავტორიზებულ სერვისცენტრს. თბილისში ისინი შემდეგ მისამართებზე მდებარეობს: ცინცაძის ქუჩა 12 და Galleria Tbilisi – შოთა რუსთაველის გამზირი 2/4. ჩვენი სპეციალისტები თქვენს საჭიროებებზე მორგებულ გადაწყვეტას შემოგთავაზებენ.
ხშირად დასმული კითხვები
რა თავისებურებები აქვს macOS-ის ხელახლა დაყენებას Apple Silicon-ით აღჭურვილ MacBook-ზე?
აღდგენის რეჟიმში შესასვლელად დააჭირეთ ჩართვის ღილაკს და გეჭიროთ, სანამ გაშვების პარამეტრები არ გამოჩნდება. შემდეგ აირჩიეთ „პარამეტრები“ და გადადით სისტემის ხელახლა დაყენებაზე.
როგორ გადავაყენოთ macOS Intel-ის პროცესორით აღჭურვილ ძველ Mac-ზე?
ჩაშენებული აღდგენის რეჟიმის გასაშვებად Mac-ის ჩართვისას დააჭირეთ Command + R კლავიშებს. Internet Recovery-ის გასაშვებად გამოიყენეთ Option + Command + R კლავიშთა კომბინაცია.
შესაძლებელია თუ არა macOS-ის ხელახლა დაყენება USB-მეხსიერების გარეშე?
დიახ. ამისათვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩაშენებული აღდგენის რეჟიმი. უტილიტების მენიუში აირჩიეთ „macOS-ის ხელახლა დაყენება“ და მიჰყევით ეკრანზე მოცემულ ინსტრუქციებს.
რამდენ ხანს გრძელდება macOS-ის ხელახლა დაყენება?
ინსტალერის ჩამოტვირთვას, როგორც წესი, 30-60 წუთი სჭირდება, თუმცა ზუსტი დრო ინტერნეტის სიჩქარეზეა დამოკიდებული. თავად ინსტალაცია უმეტეს შემთხვევაში 20-45 წუთს გრძელდება.
როგორ დავაყენოთ macOS თავიდან სუფთა დისკზე?
ჯერ ჩატვირთეთ Mac აღდგენის რეჟიმში და გახსენით „დისკის უტილიტა“. დისკის ფორმატირების შემდეგ დაბრუნდით აღდგენის მენიუში და აირჩიეთ „macOS-ის ხელახლა დაყენება“.
ასევე იხილეთ
Windows თუ MacBook: 7 მიზეზი, რის გამოც Apple-ის კომპიუტერი უნდა აირჩიოთ
გამოდგება თუ არა MacBook Air პროგრამირებისთვის 2026 წელს: შესაძლებლობები და ფარული პოტენციალი
MacBook არ ირთვება: ეტაპობრივი გზამკვლევი – რა უნდა გააკეთოთ
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.


